Tuesday, November 19, 2013

კატაკომბები და პირველი ქრისტიანები

ქრისტიანული ხელოვნება კატაკომბებში აღმოცენდა. იგი გაჩნდა იმ დროს, როცა ხელოვნება, რომელიც მიისწრაფოდა ადამიანის სხეულის ფორმისა და მოცულობისკენ, შეცვალა თავისებურმა ექსპრესიონიზმმა. სულის მოძრაობათა ფერწერული გამოსახვის ახალი ძიება საუკეთესოდ პასუხობდა პირველ ქრისტიან მხატვართა მისწრაფებებს. კატაკომბები პირველ რიგში მიწისქვეშა საფლავები იყო, სადაც ქრისტიანები მიდიოდნენ თავიანთ წმიდა მიცვალებულთა თაყვანისსაცემად.
სამი ყრმა ცეცხლოვან ღუმელში.
პრისკილას კატაკომბის ფრესკა
რადგან ქრისტიანობა დევნაში იყო, იგი მოითხოვდა თავის მიმდევართა დიდ მსხვერპლს. აქედანაა ხატების თემატიკა, რომელიც მოგვითხრობს თავის მოწამეებზე, ხოლო თუ სიუჟეტი ძველი აღთქმიდან იყო, მოგვითხრობდა ღვთის შეწევნაზე თავისი ერისთვის: ნოე, აბრაამი, ეგვიპტის ფარაონი, მოსე, რომელიც კვერთხით აღმოაცენებს წყალს კლდიდან და ა.შ. ხშირად გვხვდება ძველი აღთქმის სცენები, რომლებიც გამოსახავენ სამ ყრმას ცეცხლოვან ღუმელში, დანიელს, რომელიც იცავს გარყვნილი მოხუცების მიერ მრუშობაში დადანაშაულებულ სუსანას. ქრისტიანი მხატვრები ფართოდ იყენებდნენ თავისი დროის წარმართული წარმოსახვის წყაროებს. ასე, მაგალითად: ანტიკურ დროს დიდ დაფასებაში იყვნენ ფილოსოფოსები. იმ დროის მრავალი ნაწარმოები გამოსახავდა ნახევარ წრეზე მჯდომარე ბრძენკაცებს (ეს მოტივი აისახება სულთმოფენობის ხატზე, სადაც ასე არიან განლაგებული მოციქულები), ერთი მათგანი კი ასწავლის დანარჩენთ. ქრისტიანობამ ძალიან სწრაფად აითვისა და გადაამუშავა ეს ნიმუშები. ასე გახდა სიბრძნე - ქრისტე, უდიდესი ფილოსოფოსი. აღმოსავლეთში ყველაზე მიღებულ ამ სიუჟეტს მიეძღვნა „აია სოფია“ (ბერძ. „წმიდა სიბრძნე“), იუსტინიანე I მიერ 537 წელს კონსტანტინეპოლში აგებული ტაძარი, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანობის გული იყო, თურქების მიერ 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე, რომლებმაც იგი მეჩეთად აქციეს.
ასე რომ, ქრისტიანებმა აითვისეს და გადაამუშავეს წარმართული სიმბოლიკა. წელიწადის დროთა განახლება გახდა მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო. ფარშევანგი, მტრედი, პალმა და ბაღი გვახსენებს სამოთხეს.
მაგრამ ქრისტიანობა არ შემოიფარგლება მზა სიმბოლიკის მარტივი ათვისებით, ჩნდება ახალი სიმბოლოებიც, განსაკუთრებით II საუკუნეში. ასე მაგალითად, მოგვთა თაყვანისცემა განასახიერებს წარმართთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, პურის გამრავლება - საიდუმლო სერობას, ვაზი - მონათლულში ღვთიური სიცოცხლის საიდუმლოებას.
ეს ხელოვნება, რა თქმა უნდა, ატარებდა დიდაქტიკურ ხასიათს, ქრისტიანი მხატვრები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ, გაეძლიერებინათ და განევითარებინათ ახალმოქცეულთა რწმენა. სიმბოლოთა ენა იძლეოდა საშუალებას ამეტყველებულიყო ის, რასაც სიტყვით ვერ გამოთქვამდი. მტრულად განწყობილი წარმართული სამყაროს გარემოცვაში სიმბოლოები გარკვეული საიდუმლო კოდის როლს ასრულებდნენ, რომელსაც ნელ-ნელა უხსნიდნენ კათაკმევლებს. დევნისა და წაბილწვის შიშით პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ჯვარს ძირითადად გამოსახავდნენ როგორც ღუზას, სამთითს, ან უბრალოდ, როგორც ქრისტეს სახელის ბერძნულ მონოგრამას (), ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან სიმბოლოდ, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული III ს-ში, იყო თევზი, ძველად თევზი სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა, მოგვიანებით რომაელებში ეზოთერიზმის (ფარული, საიდუმლო) სიმბოლო გახდა. ქრისტიანობაში იგი სარწმუნოების სიმბოლოს მოკლე ფორმულად იქცა, ბერძნული სიტყვა ΙΧΘΥΣ (თევზი), რომელიც ხუთი ასოსაგან შედგება, წარმოადგენს შემდეგი ფრაზის აბრევიატურას 'Ιησόυς Χριστός Θεού 'Υιός Σοτήρ, რაც ნიშნავს „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს სიმბოლო ყველგან გამოიყენებოდა, რაზედაც ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი (+215). „ჩვენი ბეჭედი უნდა მოირთოს მტრედით, ან თევზით, ან გემით, ან ლირით, როგორც ამას პოლიკარპე აკეთებდა, ან ღუზით...“ („პედაგოგი“ III, 11,59,2).
იმდროინდელი ქრისტიანული სიმბოლიკის თემატური და სტილისტური ერთიანობა სრულიად გასაგებია, მაშინ ხომ იტალიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ესპანეთისა და მცირე აზიის ადგილობრივ ეკლესიებს შორის ძალიან მჭიდრო კავშირები არსებობდა.

ქრისტიანობის გამარჯვება

312 წელს კონსტანტინეს მაქსენციუსზე გამარჯვების შედეგად, რომელიც ქრისტე ღმერთის წყალობით მოხდა, 313 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა და მსოფლიო არენაზე გამოჩნდა. ქრისტიანული ხელოვნება გამოვიდა კატაკომბებიდან წარმართული ტრადიციის სიუჟეტებით გამდიდრებული. ეს ძალზედ ამაღელვებელი იყო! ქრისტიანებს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება. მხატვრები, რომლებიც ადრე მალულად წერდნენ, იწყებენ ახალი რელიგიისათვის ოფიციალურ მსახურებას. მორწმუნეთა განათლებასა და წარმართთა მოქცევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არა მხოლოდ დეკორატიული ხელოვნება და არქიტექტურა, არამედ ფერწერაც. იმპერატორების მიერ ახალი რელიგიის მიღებამ მასიური მოქცევა გამოიწვია ქრისტიანობაზე. კონსტანტინე დიდმა გასცა განკარგულება, აეშენებინათ მშვენიერი ტაძრები. მის მაგალითს მრავალი მეცენატი მიჰყვა. მორწმუნეებს სურდათ ენახათ ტაძრებში წმიდა ნაწილები და რელიქვიები, რომლებიც წმინდანებს უკავშირდებოდა, ხოლო დაახლოებით IV საუკუნიდან ეკლესიამ დააკანონა ხატწერა, რითაც განამტკიცა იმ დროისათვის არსებული ტრადიცია. ხატები იძლეოდნენ საშუალებას შენარჩეუნებულიყო მათზე გამოსახულთა ხსოვნა და მათთვის პატივის მიგება, თუმცა ამან გამოიწვია გარკვეულ ეპისკოპოსთა მძლავრი ოპოზიცია.
კონსტანტინეპოლი 330 წელს გამოცხადდა იმპერიის ახალ დედაქალაქად და საუკუნეების მანძილზე წმიდა ქალაქად იქცა, რომელშიც ყოველდღიური საერო ცხოვრება საკრალურ სფეროს ერწყმოდა. ბიზანტიის რომეელი იმპერატორების პრესტიჟს IV ს-ში შეესაბამებოდა ქრისტეს ახლებური გამოსახულება, არა ფილოსოფოსის ან მეცნიერის სახით, არამედ ახალგაზრდა სასიამოვნო გმირის სახით, რომელიც ბასილევსის (იმპერატორის) ტახტზე იყო დაბრძანებული. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს სამყაროს მეუფედ აღიარებამ, ხოლო იმპერატორის - მის ამქვეყნიურ წარმომადგენლად გამოცხადებამ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ღრმა კავშირი დაამყარა, თუმცა ეს გარკვეულ უთანხმოებათა გარეშე არ ხერხდებოდა. იმპერატორი თავისი იმპერიისა და მასში მცხოვრები ყოველი ადამიანის აბსოლუტური მმართველი გახდა. ქრისტეს გამოსახულებებს თაყვანს სცემდნენ ბასილევსის პორტრეტებთან თანასწორად.
ასეთი კულტის მკაფიო მაგალითია - კონსტანტინეპოლის კურთხევის ცერემონიალი. იმპერატორს ზარ-ზეიმით დაატარებდნენ პროცესიით ქალაქის ქუჩებში, ხალხი კი მისი მოახლოებისას მუხლებზე იჩოქებდა. ამაში ჩანს წარმართობის აშკარა მემკვიდრეობა: იმპერატორმა, რომელიც ცნეს ქრისტიანობის მფარველად (თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მოექცა), არ უარყო თავისი პიროვნების კულტი. თუმცა, ნელ-ნელა, თანმიმდევრულად ის თაყვანისცემა, რომელიც აღევლინებოდა იმპერატორის მიმართ ქრისტეს თაყვანისცემისკენ ინაცვლებდა.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/khatebi/keno/khati1.htm#sthash.nJFD3lTI.dpuf

No comments:

Post a Comment